ახალი ამბები

ექიმის თქმით, კოსტა სანიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

20 ნოემბერი, 2023 • 963
ექიმის თქმით, კოსტა სანიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

რეალითი შოუს, “პრაიმ ჰაუსის” ყოფილი მონაწილე კოსტა სანიკიძე კონტაქტურია და  მალე პალატაში გადაიყვანენ. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს მისმა ექიმმა დღეს, 20 ნოემბერს მიაწოდა.

ექიმის თქმით, პაციენტი ამჟამად პოსტოპერაციულ სივრცეში იმყოფება და მისი მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ პალატაში გადაიყვანონ:

“ამ ეტაპზე პაციენტი კონტაქტურ-ადეკვატურია, ამ წუთას იმყოფება პოსტოპერაციულ სივრცეში. მისი მდგომარეობა გვაძლევს ამის საშუალებას და უკვე დატოვებს პოსტოპერაციულ სივრცეს და გადავა პალატაში. მონაცემები სტაბილურია. ანალიზები ნორმის ფარგლებშია”, — განაცხადა ექიმმა.

კოსტა სანიკიძე გუშინ, 10 ნოემბერს, გამთენიისას საკუთარ სახლში დაჭრეს. როგორც მისი ახლობლები ჰყვებიან, მას სახლში დილას დაახლოებით 7 საათისთვის მიაკითხა უცნობმა პირმა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მათ შორის ერთ-ერთი – ფილტვში.

შსს-მ თავდამსხმელი მალევე დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კოსტა სანიკიძე დაჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე აცხადებდა, რომ მის მოსაკლავად უცნობი პირი მივიდა, თუმცა სახლი შეეშალა და მეზობელთან მოხვდა, რომელმაც დანა წაართვა. ამის შესახებ პოლიციაშიც განაცხადა და, როგორც ამბობდა, გამოძიებაც დაწყებული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი