ახალი ამბები

რუს მხატვარს ომის გაპროტესტების გამო 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

17 ნოემბერი, 2023 • 1716
რუს მხატვარს ომის გაპროტესტების გამო 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

უკრაინაში ომის გაპროტესტების გამო რუს მხატვარს შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა

პეტერბურგელმა მხატვარმა, მუსიკოსმა და აქტივისტმა, ალექსანდრა (საშა) სკოჩილენკომ, 2022 წლის მარტში ადგილობრივ სუპერმარკეტში ხუთ პროდუქტზე ფასის აღმნიშვნელი იარლიყი უკრაინაში მიმდინარე ომის გასაპროტესტებელი ფურცლებით შეცვალა. მხატვარი სუპერმარკეტის მომხმარებლებს მოუწოდებდა, ემოქმედათ ომის შესაჩერებლად და წინააღმდეგობა გაეწიათ სატელევიზიო პროპაგანდისთვის. “რუსული არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელების გამო”, რუსეთის სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილი ამ “დანაშაულისთვის”, სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

“როგორი სუსტი და მყიფე უნდა იყოს  პროკურატურის რწმენა ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ, თუ მას ჰგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება ქაღალდის ხუთმა პატარა ნაგლეჯმა შეიძლება ჩამოაქციოს. გისოსებს მიღმაც კი უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე თქვენ. მე არ მაშინებს სხვებისგან განსხვავებულობა. შეიძლება სწორედ ამიტომაც ეშინია ჩემს სახელმწიფოს ჩემი და ჩემი მსგავსი ადამიანების და საშიში ცხოველივით მამწყვდევს გალიაში”, – თქვა 33 წლის მხატვარმა 14 ნოემბერს სასამართლოზე თავისი სიტყვით გმოსვლისას.

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების წაკითხვის პარალელურად, სკოჩილენკოს მხარდამჭერები ყვიროდნენ “სირცხვილია!” პროკურატურა მისთვის 8-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

როგორც გარდიანი წერს, ასეთ უკიდურესად მკაცრ სასჯელს იყენებს რუსული სასამართლო რიგითი რუსების მიმართ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სამოქალაქო პროტესტის სულ მცირე გამოხატვაზეც კი.

სკოჩილენკო პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა რუსულმა ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფმა “მემორიალმა”. მხატვარს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. როგორც გარდიანი წერს, აღმოჩნდა, რომ პროკურორები სკოჩილენკოს მისთვის აუცილებელ მედიკამენტებს არ აწვდიდნენ, რომ მეტი ზეწოლა მოეხდინათ მასზე. 

“პუტინი სატელევიზიო ეკრანებიდან უკვე 20 წელია გვატყუებს: ამ ტყუილების შედეგია, რომ მზად ვართ, ეს ომი და ადამიანების უაზრო სიკვდილი გავამართლოთ”, – ეს ეწერა ერთ-ერთ ფურცელზე, რომლითაც სკოჩილენკომ ფასის იარლიყი შეცვალა სუპერმარკეტში და რაც რუსულმა პროკურატურამ სახიფათოდ მიიჩნია რუსული სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის.

“რუსეთის არმიამ მარიუპოლში სამხატვრო სკოლა დაბომბა, სადაც დაახლოებით 400 ადამიანი აფარებდა თავს”, – ეწერა მეორეზე.

სკოჩილენკო ერთ-ერთია იმათ შორის, რომელთაც როგორც კრიმინალებს, ისე ასამართლებენ უკრაინაში ომის წინააღმდეგობის გამო. მრავალი გასამართლდა კანონით, რომელმაც უნდა აღკვეთოს რუსი სამხედროების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ეს კანონი რუსეთში სასწრაფოდ მიიღეს პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. კანონი სასჯელის მაქსიმალურ ზომად 10 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. ამ კანონით გასამართლებულ სხვა რუსებს შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და ჟურნალისტები.  გამოცემა გარდიანი წერს, რომ კანონმა მართლაც იმუშავა და დიდწილად ჩაახშო რუსეთში პროტესტი. ფაქტობრივად გააქრო საჯარო სივრციდან ომის წინააღმდეგ მიმართული პოზიციები.

სკოჩილენკო მას შემდეგ აიყვანეს, რაც სუპერმარკეტის 76 წლის მომხმარებელმა მის შესახებ პოლიციას შეატყობინა, რამაც ყველას საბჭოთა პერიოდის დასმენების პრაქტიკა გაახსენა. “რიგითი ადამიანები უშიშროების სამსახურში”, – წერს გარდიანი.

სკოჩილენკოს დამსმენმა რუსულ გამოცემა “ბუმაგას” ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს, რომ ამაყობს საკუთარი თავით.

“დიახ, მე ვარ დამსმენი. ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე. სამარცხვინო ის არ არის, რომ ხედავდე დანაშაულს და ისე გაიარო, ვითომ არ დაგინახავს? მე გავგზავნე ეს ქალი, რომ იარლიყები დაეძრო? რა გინდათ, რომ გითხრათ, რომ კარგი გოგოა? უნდა აპატიონ?” – თქვა ინტერვიუში სკოჩილენკოს დამსმენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი