ახალი ამბები

„ჯორჯიან ეირვეისი“ თბილისსა და მაჰაჩყალას შორის ფრენებს დაიწყებს – აეროპორტი

14 ნოემბერი, 2023 •
„ჯორჯიან ეირვეისი“ თბილისსა და მაჰაჩყალას შორის ფრენებს დაიწყებს – აეროპორტი

23 ნოემბრიდან დაღესტანის დედაქალაქ მაჰაჩყალასა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. ინფორმაცია დაგეგმილ რეისებზე მაჰაჩყალის აეროპორტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ფრენებს ქართული კომპანია „ჯორჯიან ეირვეისი“ კვირაში სამჯერ განახორციელებს – სამშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით. მაჰაჩყალა-თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება „ნეტგაზეთს“ კომპანიის დირექტორმა, დავით გაიაშვილმა დაუდასტურა.

განახლება [11:56]: კომპანიის დირექტორი დავით გაიაშვილი „ნეტგაზეთს“ დაუკავშირდა და უთხრა, რომ ამჟამად თბილისი-მაჰაჩყალას შორის მიმოსვლის დაწყება განხილვის ეტაპზეა.

რა ეღირება ბილეთები, ამ ეტაპზე უცნობია – ბილეთები კომპანიის ვებ-გვერდზე ჯერ გაყიდვაში არაა.


რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში, 20 ივნისის აქციის შემდეგ, რუსული მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა. მოსკოვმა შეზღუდვა 2022 წლის მაისში გააუქმა. ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით, არაერთი რეისი ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი