11 ნოემბრის ღამით მოსკოვის ოლქში, შეიარაღების მწარმოებელ ქარხანაზე – მანქანათმშენებლობის კონსტრუქტორულ ბიუროზე, დრონებით მოხდა თავდასხმა, იუწყება რუსული ტელეგრამ-არხი „ასტრა“ წყაროებზე დაყრდნობით.
„ასტრას“ ცნობით, დრონი ქალაქ კოლომნაში მდებარე ქარხნის ტერიტორიაზე შუაღამისას ჩამოვარდა. დაზიანებულია ქარხნის ორი კორპუსის ფასადები და ჩამტვრეულია ფანჯრები. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
„უკრაინსკა პრავდა“ აღნიშნავს, რომ ეს ქარხანა სამხედრო შეიარაღების წარმოების მხრივ რუსეთში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს და აწარმოებს, მათ შორის, რაკეტებს- „ისკანდერს“ და „კინჟალს“.
ეს ქარხანა რუსული სახელმწიფო კორპორაციის, „როსტეხის“ მფლობელობაშია.
რუსულ მხარეს ოფიციალური კომენტარი ამ საკითხზე არ გაუკეთებია.








