რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ ევროკავშირს სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან რუსეთის გაძევება სურს.
თუმცა, მისივე თქმით, ბრიუსელის მცდელობები წარუმატებელი იქნება: „აქ [ამ რეგიონებში] ისტორიულად ვართ, არსად გავქრებით. ჩვენმა პარტნიორებმა, მოკავშირეებმა ეს ბრწყინვალედ იციან“, – ციტირებს მას „მოსკვა 24“.
ლავროვის განცხადებას თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მერმა თქვა, რომ „ყველა ქვეყანას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს“, ხოლო საქართველოს არჩევანი ევროპული მომავალია და „ამ რთულ გზაზე, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“.
კალაძემ აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ახლაც და მომავალშიც იმოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. კითხვას, ევროკავშირის თუ საქართველოს მიმართ არის მუქარა ლავროვის განცხადება, კალაძემ უპასუხა: „მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია“.