ახალი ამბები

უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას

10 ნოემბერი, 2023 • 2647
უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას

უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

მისი განცხადებით, „მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე არ უნდა დაიწყოს, ეს უნგრეთის ნათელი პოზიციაა“.

დეკემბერში მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკომისიის რეკომენდაციის გასათვალისწინებლად ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა იქნება საჭირო – შესაბამისად, უნგრეთს საშუალება აქვს, დაბლოკოს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება.

ბუდაპეშტის ასეთი პოზიცია, ორბანის თქმით, არაა განპირობებული ევროკავშირის ფინანსური პოლიტიკით და ბრიუსელის მიერ უნგრეთისთვის თანხების არგამოყოფით. შესაბამისად, ამ საკითხის მოგვარებაც ვერ იქონიებს გავლენას უკრაინის პოზიციაზე.

როგორც „როიტერსი“ აღნიშნავს, ბუდაპეშტი მიიჩნევს, რომ უკრაინის კანონი ეროვნული უმცირესობების შესახებ იქ მცხოვრები 150 000 უნგრელის უფლებებს არღვევს, განსაკუთრებით მშობლიურ ენაზე განათლების მიღების მხრივ, და არ შეცვლის პოზიციას, სანამ უკრაინა ამ კანონს არ შეცვლის. კანონის თანახმად, ბავშვებმა სკოლებში განათლების 70% მაინც უკრაინულად უნდა მიიღონ.

უკრაინის ევროინტეგრაციის მინისტრის, ოლჰა სტეფანიშინას თქმით, უმცირესობათა უფლებები უკრაინაში ადეკვატურადაა დაცული, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი უნგრეთის წარმომადგენლებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი