ახალი ამბები

რუსეთი შოკირებულია, გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რომ მას დააკისრეს

9 ნოემბერი, 2023 • 1383
რუსეთი შოკირებულია, გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რომ მას დააკისრეს

მოსკოვი გაოცებულია, რომ ევროკავშირი სწორედ რუსულ მხარეს ადანაშაულებს სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში, ამბობს რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი მარია ზახაროვა.

„გაკვირვებული ვართ ევროკავშირის პოზიციით. იქ იგნორირებულია ცხადი ფაქტები და სამხრეთოსური მხარის დეტალური ახსნა-განმარტებები. ყველაზე შოკი სმომგვრელია ის, რომ ბრიუსელში ცდილობენ, უაპელაციოდ დააკისრონ პასუხისმგებლობა რუსეთს. ეს პოლიტიზირებული, ცალმხრივი, მცდარი შეფასებებია. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ევროკავშირი აშკარად ანგაჟირებული და მიკერძოებულია რუსეთის მიმართ“, – ციტირებს ზახაროვას სამთავრობო გამოცემა „ტასსი“.

რუსული მხარის წარმომადგენლის განცხადებითვე, ევროკავშირის ეს პოზიცია ძირს უთხრის ბრიუსელს, როგორც სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეს.


6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

ისინი სოფელ კირბალთან მდებარე ლომისის ტაძართან იმყოფებოდნენ. ის ამჟამად საოკუპაციო ხაზს იქითაა მოქცეული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადგილობრივები ტაძარში სიარულს მაინც ახერხებდნენ, წელს კი საოკუპაციო ძალებმა შესვლა აუკრძალეს. როგორც კირბლელი გივი გინტური (თამაზ გინტურის ძმა) ნეტგაზეთთან ჰყვება, ტაძრის კარი რუსმა სამხედროებმა 7 ივნისს აჭედეს.

მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ ადგილობრივები პოლიციის დახმარებით, ხან კი მათ გარეშეც ახერხებდნენ სასაფლაოსა და ეკლესიაში მისვლას, თუმცა ბოლო სამი წელია ეს განსაკუთრებით გართულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი