ახალი ამბები

EU-ს სტატუსის საბოლოოდ მინიჭებისას ქართველი ხალხის ხმა გადამწყვეტი იქნება — სამოქალაქო საზოგადოება

8 ნოემბერი, 2023 • 1018
EU-ს სტატუსის საბოლოოდ მინიჭებისას ქართველი ხალხის ხმა გადამწყვეტი იქნება — სამოქალაქო საზოგადოება

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას საერთო ბრიფინგით გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ საბოლოოდ კანდიდატის სტატუსი მინიჭებისას ქართველი ხალხის ხმა გადამწყვეტი იქნება.

ამის შესახებ მათ დღეს, 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლის წინ ისაუბრეს:

“ჩვენს ევროპელ მეგობრებს ყოველთვის ესმოდათ ქართველი ხალხის ხმა, ჩვენი სურვილი და მისწრაფება, ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი. ევროკომისიამ მხედველობაში მიიღო ჩვენი ურყევი, საერთო ბრძოლა ევროპული მომავლისთვის და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების რეკომენდაცია გასცა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა: „ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებას. ეს მისწრაფება ხელისუფლებამ მეტად უნდა გაითვალისწინოს. ხელისუფლებამ უნდა გააღრმაოს თანამშრომლობა ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, და ფოკუსირდეს 12 რეკომენდაციაზე“.

საერთო ეროვნული მიზანი – გავხდეთ ევროკავშირის წევრი – ყოველგვარ პოლიტიკურ თუ სხვა განსხვავებებზე მაღლა დგას. ეს მიზანი მთელ საზოგადოებას, ყველა მოქალაქეს გვაერთიანებს. ამას ელის ევროკავშირი ჩვენგან. დღეს ჩვენი ხმა უნდა გავაერთიანოთ ჩვენი მომავლისთვის და მივაწვდინოთ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ლიდერს. დეკემბერში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ქართველი ხალხის ხმა გადამწყვეტი იქნება.

ჩვენ წინაშე ახალი ამოცანა დგას – დღეიდან, დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩვენი, ქართველი ხალხის მტკიცე ნება და ხმა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ჩვენს ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს”, — ნათქვამია მათ განცხადებაში.


ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წევრი. თუმცა, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა:

„კომისიის რეკომენდაციაა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი დათქმით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების კუთხით“.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობის გულწრფელ სურვილს ევროკავშირში გაწევრებაზე.

„კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები – ოპოზიციის ზედამხედველობა პარლამენტში გაიზარდა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი