საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებს მიმართავს.

მისი თქმით, მომავალი არჩევნებისთვის „სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები“.

„ამისთვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით“, _ ნათქვამია მიმართვაში, რომელიც Facebook-ში, სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მანამდე, სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია“, — თქვა მან.

სააკაშვილს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ, გამოეხმაურა ნიკა მელიას მიერ პარტიის ამჟამინდელი მენეჯმენტის კრიტიკას. მელიას აზრით, ენმ-ში ოლიგარქიული მმართველობაა და ფორმალური თავმჯდომარის უკან რეალურად დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი დგანან.