ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, “დივერსიულ ჯგუფზე” განცხადების შემდეგ სუს-მა ჩვენების მიცემა სთხოვა

2 ნოემბერი, 2023 • 1401
სააკაშვილის თქმით, “დივერსიულ ჯგუფზე” განცხადების შემდეგ სუს-მა ჩვენების მიცემა სთხოვა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩვენების მიცემა სთხოვა. საქმე ეხება 30 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოში რუსეთიდან შემოსულია შეიარაღებული დივერსიული ჯგუფი.

ექსპრეზიდენტი ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. ის სუს-ს “ეფ-ეს-ბეს ფილიალს” უწოდებს და ამბობს, რომ მასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

“ჩემს ბოლო “სასამართლო სხდომაზე” გაკეთებული განცხადების შემდეგ რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლაზე სუს-მა მომთხოვა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, რაზეც უარი განვაცხადე და აი, რატომ: მე უსამართლო და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები უკვე დადასტურებულად “ეფ-ეს-ბეს” აგენტის, ფარცხალაძის მიერ აღძრული საქმეებით”, – წერია სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

სააკაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ გაავრცელა, რომ საზოგადოება ყურადღებით იყოს და “მოვახდინოთ მათი ბლოკირება და განეიტრალება”.

“დგება მომენტები, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხები თავის ხელში უნდა აიღოს და მაშინ შესაძლებელი გახდება ძალების გაერთიანება, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებში შემორჩენილ პატიოსან პატრიოტებთან, და ქვეყნისა და საკუთარი თავის გადარჩენა”, – წერს სააკაშვილი.

30 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი ამტიცებდა, რომ საქართველოში შემოსულია შეიარაღებული დივერსიული ჯგუფი, რომელსაც კურირებს რუსეთის არმიის პირველი მთავარი სამმართველო. ექსპრეზიდენტის განცხადებით, დივერსიული ჯგუფს ევალება არეულობის პირობებში „ხელისუფლების ხელში აღება და ქვეყნის დესტაბილიზაცია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი