მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალს ბრალი წარუდგინეს ქორწინების იძულების მუხლით. პროკურატურის განცხადებით, ქალი 14 წლის გოგოს აიძულებდა, მის მიერ შერჩეულ კაცზე დაქორწინებულიყო.
“ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა, რომ არასრულწლოვნის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა, სისტემატური მოთხოვნით 14 წლის შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინებას აიძულებდა. დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან ზეწოლას თავი სახლიდან წასვლით დააღწია”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ქალი 31 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
