ახალი ამბები

ჩვენი სახელით არავინ მონაწილეობდა – ჭიდაობის ფედერაცია რუსეთში გამართულ ტურნირზე

1 ნოემბერი, 2023 • 1866
ჩვენი სახელით არავინ მონაწილეობდა – ჭიდაობის ფედერაცია რუსეთში გამართულ ტურნირზე

რუსეთში გამართულ ტურნირზე, რომელშიც ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რუსული მხარის მტკიცებით, საქართველოს წარმომადგენელი მოჭიდავეებიც იყვნენ. ღონისძიებაზე ერთ სივრცეში იყო გამოფენილი საქართველოსა და დე ფაქტო რესპუბლიკების დროშებიც.

თუმცა, როგორც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, ფედერაციის წევრი მოჭიდავეები ამ ტურნირზე არ ყოფილან.

ტურნირი, რომელიც რუსეთის თავისუფალი სტილით ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ვლადიმერ სემიონოვის სახელს ატარებს, რუსეთში 27-29 ოქტომბერს ჩატარდა და რუსული მედიის ცნობით, მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა.

„[ტურნირის] პრესტიჟზე ვერ იმოქმედა რუსული სპორტის წინააღმდეგ დაწესებულმა მრავალმა სანქციამაც, რასაც ამტკიცებს მონაწილეთა [წარმომავლობის] ფართო გეოგრაფია. ამ წელს ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 200-ზე მეტი მონაწილე რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, [ჩრდილოეთ] მაკედონიიდან, მოლდოვიდან, მონღოლეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან“, – წერს გამოცემა „გოროდ ზოვიოტ“.

ტურნირის საპრიზო ფონდმა, ამავე გამოცემის ცნობით, 3,2 მილიონი რუბლი შეადგინა [დაახლოებით 35 ათასი დოლარი].

მასალების გადაბეჭდვის წესი