ახალი ამბები

თეონა აქუბარდია: მოვითხოვ, ბერაიამ დატოვოს კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა

31 ოქტომბერი, 2023 • 1411
თეონა აქუბარდია: მოვითხოვ, ბერაიამ დატოვოს კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა

საქართველოს პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მოითხოვს, ირაკლი ბერაიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.

აქუბარდია, რომელიც ამავე კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს, აცხადებს, რომ თავად პოსტის დატოვებას არ განიხილავს და ეს ირაკლი ბერაიამ უნდა გააკეთოს, რომელმაც დეპუტატს დღეს შეურაცხყოფა მიაყენა:

„მე პირდაპირ გეტყვით, ირაკლი ბერაიას ცალყბა ბოდიში არაფერში მჭირდება. მოვითხოვ, რომ დატოვოს თანამდებობა იმიტომ, რომ ის არის კაცი, რომელსაც არ შეუძლია ემოციების კონტროლი და არ შეუძლია დაუკრეფავში გადასვლისგან თავის შეკავება. მან უნდა დატოვოს თავმჯდომარის სავარძელი.

მე არ ვაპირებ, რომ დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი, თუ მათ შეუძლიათ, რომ გამაგდონ და გადამაყენონ – გადამაყენონ, მე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება გამომდინარე ჩემი პოლიტიკური, არგუმენტირებული კრიტიკიდან, რაზეც „ქართულ ოცნებას“ პასუხები არ აქვს”, – ამბობს აქუბარდია` „მთავარ არხთან“.

პლენარულ სხდომაზე ბერაიამ აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ბერაია გააღიზიანა ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვებმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ.

მოგვიანებით, აქუბარდიამ კოლეგა ქალებთან ერთად ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ “სუს-ის მეთოდებით” ბრძოლას მაშინ იწყებს, როცა ისინი მნიშვნელოვან საკითხებზე კითხვების დასმას და პოზიციის დაფიქსირებას იწყებენ.

ამავე სხდომაზე შეურაცხმყოფელ და სექსისტურ კონტექსტში მოიხსენია კიდევ ერთი ქალი დეპუტატი, ანა წითლიძე, “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა.

აღსანიშნავია, რომ სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა არცერთ შემთხვევაში არ მიუთითა თანაპარტიელებს, შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ. უფრო მეტიც, ალუდა ღუდუშაურს რეგლამენტით გათვალისწინებული დრო დაუმატა სასაუბროდ. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციონერ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას, რომლებიც მომხდარზე საუბრობდა, სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, “სამსჯავროზე არ ვართ”. მოგვიანებით პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პიროვნულ შეურაცხყოფებზე ყოველთვის აქვს რეაქცია და თიშავს მიკროფონს, მაგრამ ამ შემთხვევაში, “შეიძლება დააგვიანა”.

მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ კოლეგის, დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოიხადა. სექსისტური და ღირსების შემლახავი განცხადებები მან “ემოციურად გადაჭარბებულად” შეაფასა და იმ განცხადებების “სიმძიმით” ახსნა, რასაც ოპოზიციონერი კოლეგები მისი მისამართით ამბობენ.

“გულწრფელად ვაღიარებ, რომ ეს იყო ემოციურად გადაჭარბებული, თვითონ იმ განცხადებების სიმძიმიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვისმენთ მუდმივად და, რა თქმა უნდა, გულწრფელად, ამის გამო მინდა ბოდიში მოვიხადო”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი