ახალი ამბები

“ფორმულას” თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს

31 ოქტომბერი, 2023 • 1225
“ფორმულას” თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე ბრალი ორ არასრულწლოვანს წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი გაგა ბოჭორიშვილი თბილისში, ,,დელისის“ მეტროსადგურის მიმდებარედ სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის დაკავების პროცესს იღებდნენ, რა დროსაც ბრალდებულებმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებს აგრესიული ქცევით და თავდასხმით პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს”, — განმარტებულია საგამოძიებოს სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ორივე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობის მუქარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი