ახალი ამბები

გოგო, რომელსაც ირანის მორალის პოლიციამ სცემა, გარდაიცვალა — Hengaw

29 ოქტომბერი, 2023 • 1829
გოგო, რომელსაც ირანის მორალის პოლიციამ სცემა, გარდაიცვალა — Hengaw

თითქმის ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა 17 წლის არმიტა გარავანი, რომელსაც ირანის მორალის პოლიციელებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ჰიჯაბის არტარების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ირანელ უფლებადამცველთა ჯგუფი Hengaw ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, თეირანის კონსერვატორიის 17 წლის სტუდენტს თეირანის მეტროში მორალის პოლიციელი ქალები 1 ოქტომბერს თავს დაესხნენ იმის გამო, რომ ის ჰიჯაბს არ ატარებდა. მიღებული დაზიანებებით ის კომაში ჩავარდა და 28 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე ერთი კვირით ადრე ექიმებმა მისი „ტვინის სიკვდილი“ დააფიქსირეს.

ირანის ხელისუფლება არ ეთანხმება უფლებადამცველთა ამ ვერსიას და ირწმუნება, რომ გარავანი თეირანის მეტროს ვაგონში მოულოდნელად ცუდად გახდა, წნევა დაუვარდა და კომაში ჩავარდა.

არმიტა გარავანი ეთნიკურად ქურთი იყო და ის ეწინააღმდეგებოდა ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წესს. ირანის მორალის პოლიციელები ზუსტად ერთი წლის წინ, ასევე ეთნიკურად ქურთ ქალს, მაჰსა ამინს, ფიზიკურა დგაუსწორდნენ იგივე მიზეზით, რასაც ამინის სიკვდილი მოჰყვა.

მაჰსა ამინის სიკვდილმა ირანში გასულ წელს მასშტაბური ანტისახელისუფლებო გამოსვლები გამოიწვია. ირანის რეჟიმმა ათასობით ადამიანი დააკავა, რამდენიმე კი სიკვდილითაც დასაჯა. საპროტესტო გამოსვლებიდან ერთ წელში ჰიჯაბის ტარების წესი კიდევ უფრო გაამკაცრეს. ქალი, რომელიც ჰიჯაბის ტარებაზე უარს იტყვის, შესაძლოა, 10 წლით ჩასვან ციხეში

გარდა ამისა, ირანის ხელისუფლებამ დააკავა ჟურნალისტები, რომლებიც მაჰსა ამინის სიკვდილს აშუქებდნენ.

ირანელ უფლებადამცველებს, მათ შორის, Hengaw-ს, არ სჯერა არმიტა გარავანის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის და დარწმუნებულია, რომ ის მორალის პოლიციის ქმედებებს ემსხვერპლა. ორგანიზაცია საქმეზე დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს. მათი მოთხოვნაა, ირანის ხელისუფლებამ წითელ ჯვარსა და გაეროს, ასევე ორგანიზაციას — „ექიმები საზღვრებს გარეშე“ — მისცეს 17 წლის გოგოს სიკვდილის გამოძიების საშუალება, რადგან ირანის რეპრესიული რეჟიმის მიმართ, წინა, მსგავსი ფაქტების გამო, ნდობა არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი