ახალი ამბები

სტამბულში გამართული აქციის შემდეგ, ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გამოიხმო

28 ოქტომბერი, 2023 • 2273
სტამბულში გამართული აქციის შემდეგ, ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გამოიხმო

დღეს, 28 ოქტომბერს, სტამბულში პალესტინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, სადაც სიტყვით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც გამოვიდა.

როგორც ერდოღანმა განაცხადა, თურქეთი ისრაელს მსოფლიოს წინაშე ომის დამნაშავედ გამოაცხადებს.

„ისრაელო, ჩვენ გამოგაცხადებთ ომის დამნაშავედ მსოფლიოს  წინაშე, ამისთვის ვემზადებით და ისრაელს მსოფლიოს წარვუდგენთ, როგორც ომის დამნაშავეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, ერდოღანის თქმით, „ღაზაში განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტაში მთავარი დამნაშავე დასავლეთია“.

მისი თქმით,  ისრაელი ოკუპანტია, რომელთანაც დასავლეთი ვალშია,  მაგრამ თურქეთი არა.

„რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, მაგრამ სად არის სამართალი? არ არსებობს დაცვა, გარდა ღია და სასტიკი ხოცვა-ჟლეტისა, რომელიც მიმდინარეობს ღაზაში… ყველამ იცის, რომ ისრაელი რეგიონში „პაიკია“, რომელსაც როცა დრო მოვა გაწირავენ“, – განაცხადა ერდოღანმა.

სტამბულში გამართული აქციის შემდეგ ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გამოიხმო.

„თურქეთის მხრიდან მზარდი რიტორიკის ფონზე, ისრაელ-თურქეთის ურთიერთობების გადაფასების მიზნით, თურქეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების ბრძანება გავეცი“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი