ვაშლიჯვრის სამხედრო ბაზაზე 19 წლის ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას დაღუპული ჯარისკაცის ახლობლები მედიასთან ადასტურებენ. მათივე ცნობით, შემთხვევა 26 ოქტომბერს მოხდა.
თუმცა ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია თავდაცვის სამინისტროს. ნეტგაზეთი ცდილობს, ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსთანაც გადაამოწმოს.
როგორც ოჯახის ახლობელი „მთავარ არხთან“ ამბობს, ისინი ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიებას ითხოვენ.
„2 დღის წინ მოხდა ეს უდიდესი ტრაგედია. 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც ჯარში მსახურობდა, საქართველოს ჩემპიონი იყო მკლავჭიდში, ასე ტრაგიკულად დაიღუპა[…] მიზეზი ჩემთვისაც უცნობია, მაგრამ ამბობენ, რომ ტელეფონზე საუბრის დასრულების შემდეგ იყო გასროლის ხმა“, – აცხადებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის ახლობელი მედიასთან.