ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ღარიბაშვილმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერებს უმასპინძლა

27 ოქტომბერი, 2023 • 2245
ღარიბაშვილმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერებს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის მომავალსა და მასშტაბურ რეგიონულ პროექტებს.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, რათა ერთად გვესაუბრა სამხრეთ კავკასიის მომავალზე, იმ მასშტაბურ რეგიონულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ყველა ჩვენგანის საერთო ინტერესებშია. გაეროს ტრიბუნიდან ჩემ მიერ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად — ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ”, —წერს  ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მედიატორობის მზადყოფნა გამოთქვა.

„საქართველოს ამ პროცესში ყოველთვის გვეკავა ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის იქნება, ფასილიტაციის თუ ზოგადად მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავად გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

26-27 ოქტომბერს თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ.

საქართველოს პრემიერი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მედიატორობის მზადყოფნას გამოთქვამს.

საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია

მასალების გადაბეჭდვის წესი