თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს საფუძველი დღეს, 27 ოქტომბერს საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ჩაუყარეს.

აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ამ დრომდე არსებული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. თეატრის ახალი შენობა საელჩოს გვერდით, ვახტანგ გორგასლის 25 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენდება. აღნიშნული ტერიტორია, საქრთველოს მთავრობის ცნობით, აზერბაიჯანული კაპიტალის კომპანიას „Confidence Group”-ს ეკუთვნის. მისი ნაკვეთის  ფართობი კი 2565 მ2-ია.

“მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის თეატრს აქვს დიდი ისტორია ჩვენს ქვეყანაში, პირველი თეატრი დაფუძნდა 1872 წელს და დღეს ჩვენ ყველას გვიხარია, რომ თეატრის ახალ, თანამედროვე მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი და ძალიან მალე ჩვენს დედაქალაქს შეემატება კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი.

მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა ბატონი ილჰამ ალიევი, რომელთანაც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი. ჩვენ ერთად დავათვალიერეთ აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის გამოფენა. წელს აზერბაიჯანში აღინიშნება ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილე და სწორედ ამის ფარგლებში ჩვენ დღეს სიმბოლურად საფუძველს ჩავუყრით აღნიშნული თეატრის მშენებლობას. ვისურვებდი, რომ მალე ერთად გავხსნათ თეატრის ახალი შენობა“, – ამის შესახებ თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ღარიბაშვილმა, სადაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ღონისძიებაზე აზერბაიჯანის პრემიერმა ალი ასადოვმა განაცხადა [ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს], ისტორიული მოვლენაა აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის − ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის თანამედროვე სტილში გამოცოცხლება.

“ქალაქ თბილისში, ასეთ ლამაზ კუთხეში, თეატრის ახალი შენობის აშენებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას დიდად ვაფასებთ. იმედი მაქვს, რომ დღეს დაწყებული თეატრის პროფესიონალი კოლექტივი შესანიშნავად გამოიყენებს აქ შექმნილ პირობებს, ახალი პროექტებით ქალაქ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში დიდ წვლილს შეიტანს.  ეს კი, თავის მხრივ, აზერბაიჯანისა და საქართველოს კეთილმეზობლურ, მეგობრულ და ძმურ ურთიერთობებს უფრო გააძლიერებს და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხს”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრემერ-მინისტრმა.

ოფიციალური ცნობითვე, პრემიერ-მინისტრებმა შენობა დაათვალიერეს და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია „სოკარ ენერჯი ჯორგიას“ გენერალური დირექტორისგან – მაჰირ მამმედოვისგან მიიღეს.

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 1872 წელს დაარსდა და 1947 წლამდე მოქმედებდა, 2004 წელს კი საერთო ეროვნული ლიდერის სახელით დაიწყო საქმიანობა.