„ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრმა“ “სამედიცინო ლაბორატორიული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების” პროექტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში ხარისხობრივი კვლევის შედეგები გააზიარა.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო კვლევის მიგნებების და რეკომენდაციების გაზიარება და მონაწილე მხარეებთან კვლევის შედეგების ვალიდაცია.
მრგვალი მაგიდის ფორმატში სამუშაო შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროს, USAID-ის და ლაბორატორიების წარმომადგენლები და ექიმები. კვლევის შედეგები წარადგინეს HC&HRRC დამფუძნებელმა ირმა მჟავანაძემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა და დირექტორმა ნინო მირზიკაშვილმა და სოფიო ლებანიძემ, ჯანდაცვის პროექტების მიმართულების ხელმძღვანელმა.
სამედიცინო ლაბორატორიული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი მოიცავს ლაბორატორიული მომსახურების ხარისხის გარე კონტროლის შეფასებას, თვისებრივ კვლევას, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების ანალიტიკას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებას პოლიტიკის განმსაზღვრელებისთვის.
პროექტის მიზანია სამედიცინო ლაბორატორიული მომსახურების ხარისხის შეფასება და ხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურების ადვოკატირება.

თვისებრივი კვლევა, რომლის შედეგებიც მრგვალი მაგიდის ფორმატში იქნა წარდგენილი ჩატარდა შერჩევის მეთოდით 6 ქალაქში და მასში მონაწილეობა მიიღო სულ 12-მა ლაბორატორიამ: თბილისი -4, ქუთაისი-2, მარნეული-2, საგარეჯო 1, ოზურგეთი -2, გორი-1.
მონაწილე მხარეების მიერ დაფიქსირდა ზოგადად გაქრე ხარისხის კონტროლის აუცილებლობა და მისი მნიშვნელობა, რამდენადაც ხარისხის კონტროლი ზრდის სანდოობას, როგორც ლაბორატორიაში დასაქმებული პერსონალისათვის, ასევე პაციენტისა და ექიმისთვის და ჯამში ხელს უწყობს დაავადების სწორ დიაგნოსტიკას.
მონაწილე მხარები ადასტურებენ, რომ ხარისხის გარე კონტროლის საბოლოო შედეგს წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებული გამოსავლები და ასევე მნიშვნელოვანია ხარისხის მაღალი სტანდარტის მისაღწევად.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხული ლაბორატორიების 90% დანერგილი აქვს ხარისხის გარე კონტროლის მექანიზმები.
მონაწილე მხარეები თანხმდებიან რომ ხარისხიანი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა არის მოსახლეობის უკეთესი ჯანმრთელობის საფუძველი და ასევე, სწორი დიაგნოსტიკა ამცირებს მოსახლეობის დანახარჯებს სამედიცინო სერვისებზე. ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ ხარისხის კონტროლის სისტემების დანერგვა და ეფექტური აღსრულება.
HC&HRRC – ა(ა)იპ ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი / Health Care & Human Rights Research Centre, არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში 2012 წლიდან განხორციელებული აქვს ათზე მეტი პროექტი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სექტორში.
პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
