ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ღარიბაშვილმა მუხრანში შეახვედრა

27 ოქტომბერი, 2023 • 1352
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ღარიბაშვილმა მუხრანში შეახვედრა

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები, ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით ერთმანეთს მუხრანში შეხვდნენ. შეხვედრის დეტალები, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, არცერთ მხარეს ამ დრომდე არ გაუვრცელებია. შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა საქართველოს მთავრობამ გაავრცელა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს”, რომელიც 26 ოქტომბერს გაიხსნა, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ. ფორუმის დასრულების შემდეგ კი საქართველოს მთავრობამ მიღება გამართა.

“ჩემი მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის მეშვეობით, ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ ჩვენს მეზობლებსა და მეგობარ ქვეყნებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში” , –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, რამდენიმე კვირის წინ, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მედიატორობის მზადყოფნა გამოთქვა.

„საქართველოს ამ პროცესში ყოველთვის გვეკავა ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის, იქნება ფასილიტაციის თუ ზოგადად მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავად გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“, — განაცხადა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფაშინიანი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს არა თბილისის, არამედ ბრიუსელის ფორმატში განიხილავს

მასალების გადაბეჭდვის წესი