ახალი ამბები

კოკოითი საკადრო ცვლილებებს გეგმავს

18 აგვისტო, 2010 • • 1455
კოკოითი  საკადრო ცვლილებებს გეგმავს

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის  პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. ჩავარდნილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, იგი ეკონომიკურ გუნდს ადანაშაულებს. მისი აზრით, ამ გუნდის არაეფექტურმა მუშაობამ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა.

როგორც ცნობილია, დეფაქტო მთავრობის ეკონომიკური გუნდი პრემიერმინისტრის ვადიმ ბროვცევის მიერაა დაკომპლექტებული და მასში რუსეთიდან ჩამოყვანილი მოხელეები შედიან. ეკონომიკის მინისტრი ალექსანდრ ჟმაილო და ფინანსთა მინისტრი ირინა სიტნიკი ცხინვალში ბროვცევთან ერთად ჩავიდნენ და რუსეთიდან წამოსული ფინანსური დახმარების გაკონტროლება დაიწყეს, რაც კოკოითისთან დაპირისპირების მიზეზი არაერთხელ გახდა. ამ ბრძოლაში გამარჯვებული ყოველთვის ბროვცევის გუნდი გამოდიოდა. კრემლში ჩასულ კოკოითის მიანიშნეს, რომ ბროვცევი ჯერჯერობით შეუცვლელია. ამის შემდეგ  დეფაქტო პრეზიდენტმა ტაქტიკა შეცვალა, იგი ბროვცევს აღარ ახსენებს, მაგრამ ცდილობს, მისი გარემოცვა ხელისუფლებიდან გაუშვას. კოკოითი უკვე საჯარო განცხადებებს აკეთებს იმის შესახებ, რომ საკადრო ცვლილებებს მალე დაიწყებს.  იგი ცხინვალში მყოფი რუსი მოხელეების გარდა, კრემლის საშუალო დონის მოხელეებსაც აკრიტიკებს, რომლებიც დეფაქტო რესპუბლიკის რეაბილიტაციაზე უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელნი.

სპეციალურ ბრიფინგზე კოკოითის არ დაუკონკრეტებია, როდის დაიწყებს საკადრო ცვლილებებს. როგორც ცნობილია, ბროვცევს კრემლში რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რომან პანოვი მფარველობს, ამიტომ კოკოითი პანოვსაც ხშირად აკრიტიკებს, მაგრამ პრემიერმინისტრი ვადიმ ბროვცევი მაინც ხელშეუხებელია.  

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საკადრო ცვლილებებით ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან დეფაქტო რესპუბლიკაში ყველაფერი კრემლის სცენარით მიმდინარეობს და კოკოითის ხელისუფლებაც მხოლოდ ბუტფორიაა. ამიტომ დაგეგმილი საკადრო ცვლილებაც ადგილობრივი გაღიზიანებული მოსახლეობის  გულის მოსაოხებლად კეთდება.

მეორე წელია ცხინვალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს, ზოგიერთი ცხინვალელი ისევ კარავში ცხოვრობს.  ომით გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციისთვის რუსეთი მილიარდობით რუბლს ხარჯავს, მაგრამ ხშირად  ფულის ნაწილი იკარგება და ადრესატამდე ვერ მიდის, ამიტომ კრემლის მიერ  ფინანსების კონტროლი პერიოდულად მკაცრდებოდა და ცხინვალში რევიზია რევიზიაზე ჩადიოდა. ამასობაში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩერდებოდა.  კოკოითის დაპირისპირება რუს მოხელეებთან კი სწორედ ფინანსური რესურსის კონტროლის გამო დაიწყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი