ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანს და სომხეთს მიმართავს

24 ოქტომბერი, 2023 • 1891
მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანს და სომხეთს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის და სომხეთის მოსახლეობას მიმართავს და სთავაზობს სატრანსპორტო დერეფნის საკითხის არენდით [უძრავი ქონების დროებით დაქირავება სათანადო ხელშეკრულების დადებით] გადაწყვეტას.

სააკაშვილის თანახმად, მოსკოვი სასიცოცხლოდ დაინტერესებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი სამხედრო დაპირისპირების კერის გაღვივებით, რათა ამ ყველაფრის შედეგად კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს რეგიონის პოლიტიკაში და ასევე განათავსოს თავისი ჯარის დამატებითი შენაერთები.

„საქმე ეხება სატრანსპორტო დერეფანს აზერბაიჯანსა და მის ტერიტორიას — ნახიჩევანს შორის. კრემლი მხარეებს უბიძგებს ამ საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტისკენ, სურს რა დააზარალოს აზერბაიჯანის საერთაშორისო პოზიციები, შეცვალოს მთავრობა ერევანში და ამ დერეფანში ჩააყენოს თავისი „მესაზღვრეები“. სინამდვილეში, მსოფლიოში არსებობს მსგავსი საკითხების მოგვარების ბევრად უფრო უმტკივნეულო და პოზიტიური გამოცდილებები“, — აცხადებს სააკაშვილი და მაგალითად მოჰყავს გზის არენდის ხელშეკრულება მოლდოვასა და უკრაინას შორის.

„როდესაც ოდესის გუბერნატორი ვიყავი, ქალაქ ოდესიდან დუნაისპირეთში მოგზაურობისას გავდიოდი უკრაინის მიერ მოლდოვის ტერიტორიაზე არენდირებულ გზის მონაკვეთს. ეს მონაკვეთი კონტროლდება უკრაინელი მესაზღვრეების მიერ და მე ის, დანარჩენ გზატკეცილთან ერთად, ფუნდამენტურად განვაახლე. მოლდოვა ამ გზის გაქირავებით იღებდა დიდ ეკონომიკურ შეღავათს. ზუსტად ასევე შეიძლება მოიქცნენ სომხეთი და აზერბაიჯანი, თუ მიღწეული იქნება გზის არენდის ხელშეკრულება. ამით სომხეთს შეუძლია მიიღოს დიდი შემოსავალი და ასევე გავიდეს დიდ საერთაშორისო მარშრუტებზე, გახდეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი. ორივე მხარე ამ გზით თავიდან აიცილებს ომს, რუსების განლაგებას და ეს შეთანხმება შეიძლება გახდეს მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი“, — ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც Facebook-ზე გამოქვეყნდა.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მიმართა და „პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით” რჩევები მისცა. მან ერევანს მოუწოდა, მოითხოვოს რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანა, გამოვიდეს დსთ-დან, ОДКБ-დან, საბაჟო კავშირიდან და შეიტანოს განაცხადი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე.

სააკაშვილი სომხეთის გადასარჩენად ფაშინიანს რჩევებს აძლევს

მასალების გადაბეჭდვის წესი