ახალი ამბები

პუტინს ორეულები არ ჰყავს – პესკოვი

24 ოქტომბერი, 2023 • 1555
პუტინს ორეულები არ ჰყავს – პესკოვი

„პესკოვმა წერტილი დასვა პუტინის ორეულების საკითხზე“, – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა მასალა რუსულმა მედიასაშუალებამ, „ურამ“ კრემლის პრესსპიკერის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით.

პესკოვმა დღეს, 24 ოქტომბერს უარყო, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და იქვე დაამატა, რომ არც ცნობები შეესაბამება სიმართლეს მისი ორეულების არსებობის შესახებ.

რატომ დასჭირდა პესკოვს პუტინის ორეულებზე საუბარი? 2000-იან წლებში, პუტინის პრეზიდენტობის პირველი ორი ვადის დროს, ინტერნეტში და საჯარო სივრცეში პირველად გამოჩნდა კონსპირაციული თეორია, თითქოს მას ორეულები ჰყავდა.

მათი არსებობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით იხსნებოდა. 2010-იან წლებში სულაც იწერებოდა, რომ ნამდვილი პუტინი სულაც „გაქრა“ და იგი ორეულებმა ჩაანაცვლეს. ამავე თეორიების მიხედვით, პუტინს არაერთი ორეული ჰყავს, რაზეც უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვიც კი საუბრობს.

რატომ გაჩნდა ეს თეორიები?

კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი რთულია, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ 2000 წლიდან, როცა პუტინი პრეზიდენტი გახდა, მისი გარეგნობა, ზოგის აზრით, საგრძნობლად შეიცვალა.

ვლადიმერ პუტინის გარეგნობის ცვლილება. მარცხენა ფოტოში იგი 48 წლისაა, მარჯვენაში – 65-ის.

ინტერნეტში პუტინის „ორეულების“ არსებობის „დასამტკიცებლად“ არაერთი მაგალითია მოყვანილი – მაგალითად, მომხმარებლები წერენ, რომ ამა თუ იმ საჯარო გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტი უჩვეულოდ იქცევა. ამ ორეულების არსებობის საბუთად ყოფილი საბჭოთა ჯაშუში, სერგეი ჟირნოვი პუტინის „ხალხში გასვლას“ მიიჩნევს. ის ფიქრობს, რომ პუტინი თავად ხალხში გასვლას ვერ გაბედავს და ამისთვის სჭირდება ორეული.

„დაფიქრდით: ადამიანი, რომელიც [სხვებს] აიძულებს [მასთან შეხვედრამდე] ანალიზები ჩააბარონ, ორკვირიანი კარანტინი გაიარონ… იგივე მაკრონი შვიდკილომეტრიან მაგიდასთან დასვა, დურბინდი უნდა აგეღო, რომ დაგენახა, მაგიდის იქით მხარეს ვინ ზის. იმის თქმა, რომ ეს პუტინი ბებიებთან ჩასახუტებლად გავა სადღაც ღამით, სადაც ნებისმიერ დროს იარაღი, სნაიპერი შეიძლება გამოჩნდეს… ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგებია, რომ პუტინი ხალხში ვერანაირად ვერ აღმოჩნდება“, – უთხრა მან „რადიო თავისუფლებას“.

ანუ, პუტინს ორეულები ჰყავს?

ადამიანები, რომლებიც პუტინს გარეგნობით ჰგვანან, ნამდვილად არსებობენ – ერთ-ერთი მათგანი, პაველ გრაჩოვი, სულაც რუსეთის ფედერალურ ტელეარხებზე გამოდის და ორჯერ პუტინსაც შეხვედრია. თუმცა, კონსპირაციის თანახმად, პუტინის „ორეულები“ კრემლში მუშაობენ და პრეზიდენტის ნაცვლად ოფიციალურ და სხვა ღონისძიებებს ესწრებიან.

„ვლადიმერ პუტინი მრავალი წელია ეჭვმიტანილია ორეულების გამოყენებასა და მათ ღონისძიებებზე გაგზავნაში. ამ თეორიის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. პუტინის ორეულები მართლაც არსებობენ, მაგრამ კრემლში არ მუშაობენ. გამოდიან ქორწილებში, კორპორატიულ წვეულებებზე, დაბადების დღეებზე. მათ ეძახიან სალონებისა და ფიტნეს-დარბაზების გახსნებზე…“, – წერს დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „ხოლოდი“ სტატიაში, რომელიც ეხება იმ ადამიანებს, ვინც პუტინთან მსგავსებას კომერციული მიზნებისთვის იყენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი