ახალი ამბები

Reuters: საქართველოზე გადაწყვეტილება ჯერ არაა, უკრაინა EU-სგან მწვანე შუქს მიიღებს

24 ოქტომბერი, 2023 • 3513
Reuters: საქართველოზე გადაწყვეტილება ჯერ არაა, უკრაინა EU-სგან მწვანე შუქს მიიღებს

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ევროკომისია უკრაინას დადებით რეკომენდაციას მისცემს დამატებითი პირობებით, საქართველოსთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„როიტერსი“ სამ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია 8 ნოემბერს შეაფასებს სამი ქვეყნის პროგრესს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ანგარიშის ფარგლებში.

„მოსალოდნელია, რომ კიევი მიიღებს პოზიტიურ რეკომენდაციას ევროკომისიისგან, შესაძლოა დამატებითი პირობებით, რომელიც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასთან და უმცირესობათა უფლებებთან — ეს უკანასკნელი საკითხი უნგრეთმა წამოჭრა. ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ მსგავსი [დადებითი] რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს მოლდოვაზე, სადაც ბლოკი ასევე ჩართულია გეოპოლიტიკურ ბრძოლაში რუსეთთან. საქართველოზე „ჟიური ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული“, — წერს „როიტერსი“.

2022 წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. ამასთან, სამივე ქვეყანას განუსაზღვრა პირობები შესასრულებლად.

ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა 12-დან სამი რეკომენდაცია, შვიდ რეკომენდაციაზე აქვს გარკვეული პროგრესი, შეზღუდულ პროგრესს მიაღწია დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში, ხოლო მედიის თავისუფლების პირობაში საერთოდ არ აქვს წინსვლა.

ევროკომისია შეფასების გამოქვეყნება დაანონსებულია 8 ნოემბერს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი მოსალოდნელია ევროკავშირის ლიდერების 14-15 დეკემბრის სამიტზე.

პროცედურულად, კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მოსდევს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. თბილისი იმედოვნებს, რომ დეკემბერში მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, უკრაინა და მოლდოვა კი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ელიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი