“სამწუხაროდ, გვაქვს ასეთი პრეცედენტიც, რომ აფხაზეთის მოქალაქე ტყვედ ჩავარდა. მისი გათავისუფლებისთვის გარკვეულ სამუშაოებს ვატარებთ. ჩვენი ბიჭებიც დონბასში მუშაობენ ამ მიმართულებით”, – განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა ლევ კვიწინიამ.
ამასთან, როგორც ის ამბობს, ლუგანსკისა და დონეცკის მცხოვრებლებისთვის აფხაზეთმა 2022 წელს, საერთო ჯამში, 60 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. ასევე, 20 ტონა ტვირთი გაგზავნეს უშუალოდ აფხაზეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” მონაწილეობენ – ინტერნაციონალურ ბატალიონ “პიატნაშკაში”.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული რუსეთის ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან სამხედრო პირები და მოხალისეები. ამასთან, ოფიციალური განცხადებების შესაბამისად, რუსეთი არ ავალდებულებს აფხაზებსა და ოსებს, უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობა მიიღონ. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ორივე რეგიონიდან უკრაინაში რამდენიმე ათეული მებრძოლი დაიღუპა.