ახალი ამბები

რომელ უბანში ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი — საქსტატის განახლებული მონაცემი

23 ოქტომბერი, 2023 • 2755
რომელ უბანში ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი — საქსტატის განახლებული მონაცემი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 35.9 პროცენტით არის გაზრდილი.

საქსტატი აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.2 პროცენტი), ისე  კერძო სახლების სეგმენტში (6.2 პროცენტი). 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში — ბინებზე 15.7 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.4 პროცენტით.

საქსტატის მონაცემებით, ბინები და კერძო სახლები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე, ვაკეში და საბურთალოზე ღირს. ბინების სეგმენტში მათ მოსდევს ჩუღურეთი, კრწანისი, დიდუბე და ნაძალადევი, კერძო სახლების სეგმენტში კი- დიდუბე, ჩუღურეთი, ისანი და ნაძალადევი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბინები ყველაზე იაფი გლდანში, ნაძალადევსა და დიდუბეში ღირს, კერძო სახლები კი- კრწანისში, ნაძალადევსა და ისანში.

მასალების გადაბეჭდვის წესი