ახალი ამბები

„ჰამასმა“ 2 ტყვე გაათავისუფლა

20 ოქტომბერი, 2023 • 6523
„ჰამასმა“ 2 ტყვე გაათავისუფლა

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ 2 ტყვე გაათავისუფლა, რომლებიც 7 ოქტომბერს ისრაელიდან ღაზის სექტორის მიმართულებით გაიტაცეს.

გათავისუფლებულები არიან ამერიკის მოქალაქე დედა-შვილი — ჯუდით რაანანი და მისი 18 წლის გოგო ნატალი.

ჯუდითი და ნატალი ისრაელში ნათესავის დაბადების დღისა და ებრაული დღესასწაულის აღსანიშნად ჩავიდნენ, ღაზის სექტორიდან დაახლოებით,1.5 კილომეტრით დაშორებულ კიბუც ნაჰალ ოზში.

როგორც Times of Israel იტყობინება, „ჰამასმა“ ტყვეები საერთაშორისო წითელ ჯვარს გადასცა, რის შემდეგაც მათ ისრაელში ჩაიყვანენ.

„ჰამასმა“ თქვა, რომ 2 ტყვე  „ჰუმანიტარული მიზეზით“ გაათავისუფლეს.

7 ოქტომბერს 2 ათასზე მეტი ტერორისტი ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა, განურჩევლად დაიწყეს ადამიანთა ხოცვა. თავდასხმას 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა. ტერორისტებმა, დაახლოებით, 200 ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

საპასუხოდ ისრაელმა ღაზა სრულ ბლოკადაში მოაქცია და მისი უწყვეტი საჰაერო დაბომბვა დაიწყო. შედეგად, სექტორი, რომელსაც მთლიანად „ჰამასი“ აკონტროლებს, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. საერთაშორისო აქტორები — გაერო, ჰუმანიტარული ორგანიზაციები, აშშ — აქტიურად არიან ჩართული მოლაპარაკებებში, რათა ისრაელმა ბლოკადა შეამსუბუქოს და ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის შეშვება დაუშვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი