საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 19 ოქტომბერს საპატრიარქოში შედგა სინოდის კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის სავანის არქიმანდრიტ მელქისედეკ მიქავას საკითხი.
საპატრიარქოს განცხადებით, არქიმანდრიტმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირის მიმართ უარგუმენტო ბრალდებები გამოთქვა, რაც მისი სამღვდელო ხარისხის შეჩერების საფუძველს ქმნის:
„არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა) განემარტა, რომ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ გამოთქმული უარგუმენტო ბრალდებები მისი სამღვდელო ხარისხის შეჩერების საფუძველს ქმნის და გაფრთხილების შემდეგ, მსგავსი ცილისწამებების განმეორების შემთხვევაში, სწორედ ეს შედეგი დადგებოდა უპირობოდ“, — აცხადებენ საპატრიარქოში.
საპატრიარქოს განცხადებით, არქიმანდრიტმა მელქისედეკმა გადაცდომა აღიარა და წერილობითი სახით შენდობა ითხოვა შეცდომის გამო.
არქიმანდრის მელქისედეგ მიქავას „ფეისბუკ“ გვერდზე ბრალდებების შემცველი პოსტი არ იძებნება, შესაბამისად, ნეტგაზეთისთვის უცნობია, რაში დაადანაშაულა მან მიტროპოლიტი შიო მუჯირი.