ახალი ამბები

იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.5 %-ით გაიზარდა — საქსტატის ექსპრეს მონაცემი

19 ოქტომბერი, 2023 • 883
იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.5 %-ით გაიზარდა — საქსტატის ექსპრეს მონაცემი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 4.6 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 12.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი- 11.3 მილიარდი აშშ დოლარს (გაიზარდა 18.2 პროცენტით). სტატისტიკის სამსახურის განახლებული მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, 6.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია.

საქსტატი აღნიშნავს, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • აზერბაიჯანი — 632.7 მლნ აშშ დოლარი;
  • სომხეთი — 601.5 მლნ აშშ დოლარი;
  • რუსეთი 511.8 მლნ აშშ დოლარი.

2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  • თურქეთი – 1.86 მილიარდი აშშ დოლარი;
  • აშშ — 1.4 მილიარდი აშშ დოლარი;
  • რუსეთი — 1.36 მილიარდი აშშ დოლარი.

2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მიხედვით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი — 2.2 მილიარდი აშშ დოლარი;
  • რუსეთი — 1.88 მილიარდი აშშ დოლარი;
  • აშშ — 1.47 მილიარდი აშშ დოლარი.

ამასთან, საქსტატის თქმით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.57 მილიარდი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.0 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილს კი იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 438.1 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 9.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 193.5 მლნ აშშ დოლარით (4.2 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2.28 მილიარდი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.2 პროცენტი შეადგინა.

მეორე ადგილს კი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 816.4 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი). მესამე ადგილზე კი დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია 392.4 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 3.5 პროცენტი).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი