ახალი ამბები

სასამართლო დაკავებული პოეტების საქმეს იხილავს

15 აგვისტო, 2010 • 1052
სასამართლო დაკავებული პოეტების საქმეს იხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი კაკაბაძის და კიდევ ორი დაკავებული პოეტის საქმის განხილვა დაიწყება. ისინი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი 173 -ე მუხლის დარღვევაში ედებათ, რაც პოლიციისადმი ბოროტ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აშშ-ს მოქალაქე ირაკლი კაკაბაძე, რომელმაც დააზიანა ჯორჯ ბუშის ქუჩის აბრა.

კაკაბაძესთან ერთად დაკავებულ პოეტებს  ალექსი ჩიღვილაძეს, შოთა დიღმელაშვილს (შოთა გაგარინი) ბრალი 173 -ე მუხლის დარღვევაში ედებათ. შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ისინი საერთოდ არ არიან მოხსენებულნი.

სამივე 14 აგვისტოს საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. დაკავებულები აქციას ჯორჯ ბუშის ქუჩაზე მართავდნენ და ბუშის ქუჩისთვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას ითხოვდნენ.

დაკავებულების ინტერესებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი იცავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი