ახალი ამბები

ელისაშვილის თქმით, იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა მან მისცა

18 ოქტომბერი, 2023 • 1445
ელისაშვილის თქმით, იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა მან მისცა

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა მისცა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 18 ოქტომბერს, გაიმართა. თუმცა იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა არ მოგროვდა. იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაიჭირა, 1-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

ელისაშვილის თქმით, ეს 1 დეპუტატი სწორედ თავად იყო.

“თავიდან საერთოდ არ ვაპირებდი და ვფიქრობდი, რომ არ მიმეღო კენჭისყრაში მონაწილეობა, მაგრამ ერთი, რომ მივხვდი, არანაირი იმპიჩმენტი არ იქნებოდა და მეორე ის, რომ აბსურდის თეატრი იყო, რასაც 3 კვირა თვალს ვადევნებთ. გეგონება, ამ ქვეყანაში ყველაფერი მოგვარებულია და ხალხს მეტი დარდი არ ჰქონდეს… აბსოლუტური აბსურდი და რეალობას მოწყვეტილი იყო მთელი ეს პროცესი და მინდოდა მეჩვენებინა, რომ ამ აბსურდის წინააღმდეგი ვიყავი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ფრაქციამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საიმპიჩმენტო სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.

კონსტიტუციის დარღვევის საფუძვლით პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დედაქალაქებში ვიზიტები მთავრობის ნებართვის გარეშე გამართა.

საკითხი გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა. დასკვნა საკონსტიტუციოს სასამართლოს პლენუმმა 9 მოსამართლიდან 6-ის მხარდაჭერით მიიღო. განსხვავებული აზრი დააფიქსირეს მოსამართლეებმა: ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი