ისრაელმა გაეროს მიმართა და 24 საათში ღაზის ჩრდილოეთ ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოითხოვა. საუბარია დაახლოებით 1.1 მილიონ ადამიანზე, რაც ღაზის მოსახლეობის თითქმის ნახევარია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საევაკუაციო ტერიტორია მოიცავს ქალაქ ღაზასაც, რომელიც მჭიდროდაა დასახლებული. ისრაელის აღნიშნულ მოწოდებას კრიტიკა მოჰყვა გაეროში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ მასშტაბის ღონისძიების ასეთ მოკლე დროში ჩატარება შეუძლებელია ისე, რომ ჰუმანიტარული თვალსაზრისით დამანგრეველი შედეგები არ მოჰყვეს.
ისრაელის ელჩი გაეროში, გილად ერდანი აცხადებს, ღაზის მოსახლეობის გაფრთხილებით ისრაელი „ზიანის შემცირებას“ ცდილობს, რომელიც შესაძლოა, მოსახლეობას მიადგეს ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში:
„მრავალი წლის განმავლობაში გაერო თვალს ხუჭავდა ჰამასის შეიარაღებაზე და მათ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე ღაზის სექტორში. ახლა კი ისრაელის გვერდით დგომის ნაცვლად, რომლის მოქალაქეებიც ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს, უმჯობესია, გაერო კონცენტრირდეს მძევლების დაბრუნებაზე, დაგმოს ჰამასი და მხარი დაუჭეროს ისრაელს საკუთარი თავის დაცვაში“, — განაცხადა ისრაელის ელჩმა გაეროში.
ისრაელის განცხადების იგნორირებისკენ მოუწოდებს ღაზის მოსახლეობას ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მუდმივად აკრიტიკებს მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენების გამო. სწორედ „ჰამასი“ აკონტროლებს ღაზის სექტორს.
7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორისკენ გაიტაცეს 150-მდე ადამიანი, მათ შორის, მოხუცები, ქალები და ბავშვები, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს.
ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორზე დარტყმები დაიწყო და ,სავარაუდოდ, მალე სახმელეთო ოპერაციასაც წამოიწყებს.
13 ოქტომბრის მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ღაზაში საპასუხო იერიშებს — 1400-ზე მეტი.
