ახალი ამბები

რუსეთში უფასოდ სწავლის სურვილი 100-მდე ქართველმა აბიტურიენტმა გამოთქვა – „ტასს“

12 ოქტომბერი, 2023 • 6832
რუსეთში უფასოდ სწავლის სურვილი 100-მდე ქართველმა აბიტურიენტმა გამოთქვა – „ტასს“

„დაახლოებით 100-მა“ ქართველმა აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე, წერს რუსული სამთავრობო მედია „ტასს“ საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შვეიცარიის საელჩოში მოქმედ რუსეთის ინტერესების სექციაში ამბობენ, რომ წელს ქართველი აბიტურიენტებისთვის ორასი კვოტაა გამოყოფილი, ხოლო აბიტურიენტებს დიდწილად მოსკოვსა და სანქტ-პეტებურგში სურთ სწავლა. „თუმცა ირჩევენ უნივერსიტეტებს ყაზანში, კრასნოდარში, ასტრახანში, ვოლგოგრადში, ვორონეჟში და ნოვოსიბრსკშიც“, – აცხადებენ სექციაში.

აბიტურიენტებს ნებისმიერ უნივერსიტეტში შეუძლიათ სწავლა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის [მგუ], რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის და მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის [მგიმო] გარდა.

„ტასს“-ის ცნობით, ძირითადი მიმართულებები, რომლებიც აბიტურიენტებმა აირჩიეს, არის მედიცინა, ლინგვისტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, იურისპრუდენცია, ეკონომიკა, ინჟენერია, სოფლის მეურნეობა და მშენებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი