ახალი ამბები

„ჯორჯიან ეარვეისმა“ 12 ოქტომბერს თელ-ავივიდან თბილისისკენ დამატებითი რეისი დანიშნა

10 ოქტომბერი, 2023 • 1349
„ჯორჯიან ეარვეისმა“ 12 ოქტომბერს თელ-ავივიდან თბილისისკენ დამატებითი რეისი დანიშნა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ისრაელის ქალაქ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 12 ოქტომბერს დამატებითი რეისი დანიშნა, რომელიც ისრაელის დროით 17:40 საათზე შესრულდება.

მანამდე ავიაკომპანია არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისრაელში არსებული დაძაბულობის ფონზე უახლოეს დღეებში ავიაბილეთების ღირებულება 3 ათას ლარამდე გაიზარდა.

„ჯორჯიან ეარვეისმა“ აღნიშნული უარყო და თქვა, რომ ეკონომ ლასის ყველა ბილეთი მაღალი მოთხოვნის გამო გაიყიდა და სისტემაში მხოლოდ ბიზნესკლასის ბილეთები იყო გასაყიდად დარჩენილი.


ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელში 7 ოქტომბერს შეიჭრა და განურჩევლად დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები, სისასტიკის ამსახველი ვიდეოები კი თავად ჰამასის მებრძოლებმა გაავრცელეს. დაღუპულთა რაოდენობამ ისრაელში 900-ს გადააჭარბა, დაჭრილია 2400-მდე ადამიანი.

700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო ავიადარტყმებს, რასაც ასევე დაემატა ღაზის სექტორის სრული ბლოკადა. ისრაელმა თავის მიზნად „ჰამასის “ სრული განადგურება დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი