ახალი ამბები

სასამართლოში ძირეული რეფორმები უნდა გატარდეს – ნონა ქურდოვანიძე

10 ოქტომბერი, 2023 • 940
სასამართლოში ძირეული რეფორმები უნდა გატარდეს – ნონა ქურდოვანიძე

ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელშიც მართლმსაჯულების სისტემაში პრიორიტეტული რეფორმის არგატარებაზეა საუბარი, სავარაუდოდ, ევროკავშირის მიერ იქნება გაზიარებული საქართველოს პროგრესის შეფასებისას – მიიჩნევს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ [საია] თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

მისი თქმით, კომისიის დასკვნაში მოულოდნელი არაფერი იყო, ხოლო ხელისუფლების მიერ ინიცირებულმა რეფორმებმა ვერ გადაჭრა სისტემაში არსებული პრობლემები.

„[დასკვნაში] ახალი და მოულოდნელი არაფერი იყო. როცა ხელისუფლებამ დააინიცირა ბოლო ცვლილებები, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ იქნებოდა იმ პრობლემების გადაჭრის გზა, რაც არის სისტემაში. [..] დასვკნაში ხაზგასმულია, რომ ამ დრომდე გატარებული რეფორმები იყო ფრაგმენტული და სისტემურ რეფორმას ისინი ვერ გამოიწვევს. სავარაუდოა, რომ [საქართველოს მიერ სტატუსის მისაღებად] რეკომენდაციის შეფასების კუთხით, გაზიარებული იქნება ვენეციის კომისიის შეფასება“, – უთხრა მან „ნეტგაზეთს“.

ქურდოვანიძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ სასამართლოსდამი ნდობისთვის და მისი რეალური დამოუკიდებლობისთვის საჭიროა ძირეული რეფორმა:

„თუ გვინდა, სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და მის მიმართ არსებობდეს ნდობა, უნდა გატარდეს ძირეული რეფორმა როგორც სისტემის, ასევე იუსტიციის საბჭოსი. ჩვენი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხედვაა, რომ უნდა შეფასდეს, როგორ მუშაობს კანონმდებლობა პრაქტიკაში, რა ხარვეზები აქვს. ამგვარი სრულყოფილი შესწავლა საპარლამენტო კომისიის მიერ მოგვცემდა შესაძლებლობას, დასკვნებზე დაყრდნობით განისაზღვროს რეფორმები“, – მიიჩნევს საია-ს თავმჯდომარე.


9 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ გამოქვეყნა დასკვნა საქართველოს სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც კომისია პრიორიტეტულად მიიჩნევს, არაა შესრულებული, მიიჩნევს კომისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი