ახალი ამბები

TI: დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დეკლარაციაში შემოსავალი და ქონება არ მიუთითა

10 ოქტომბერი, 2023 •
TI: დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დეკლარაციაში შემოსავალი და ქონება არ მიუთითა

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი ბაგრატიონს გასული წლის დეკლარაციაში საკუთარ თანამდებობრივი სარგო, უძრავი ქონება და სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ მიუთითებია. ეს ინფორმაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გაავრცელა.

შსს-ს მაღალჩინოსანს 2023 წლის 31 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაში მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშების, ცოლისა და შვილების შემოსავლისა და დანახარჯების შესახებ ინფორმაცია აქვს მითითებული. დეკლარაციაში მთლიანად ცარიელია გრაფა თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, ასევე, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ გიორგი ბაგრატიონის საკუთრებაშია 284 კვ.მ. ბინა და სამი ავტოსადგომი თბილისში, საკანდელიძის ქუჩაზე. ასევე, 2 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მშენებარე კერძო სახლი საგურამოში. გარდა ამისა, გიორგი ბაგრატიონი ფლობს 40%-იან წილს კომპანიაში – “შპს კომპანია აბული”. წილის მართვის უფლება გადაცემული აქვს სხვა პირზე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიურომ გიორგი ბაგრატიონი სამი წლის წინ, 2019 წლის დეკლარაციის არასრულად შევსების გამო უკვე დააჯარიმა. მაშინ ბაგრატიონი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. ორგანიზაცია აპირებს, დარღვევების შესახებ ანტიკორუფციულ სააგენტოს აცნობოს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი