გაერთიანებული სამეფოს საგრაფო სურეიში დამწვარი ვილა, ბრიტანული ტაბლოიდების – „მირორის“ და „დეილი მეილის“ ცნობით, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლეს, ინა გუდავაძეს ეკუთვნოდა.

გამოცემების ცნობით, სახლი, რომლის ღირებულებაც 10 მილიონ ფუნტადაა შეფასებული, სამი წლის განმავლობაში რემონტდებოდა და სამუშაოების დასრულებიდან ერთ დღეში თითქმის ბოლომდე დაიწვა.

მედიის ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეთა ექვსი ბრიგადა გაემგზავრა. ამჟამად მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება.

გარეკანის ფოტოზე: გადამწვარი სახლი ხანძრის შემდეგ


მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წელს ლონდონში გარდაიცვალა. მისი ქონების დიდი ნაწილი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისმა მეუღლემ, ინა გუდავაძემ მიიღო.

პატარკაციშვილი 1990-იან წლებში, ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკისთან ერთად, რუსეთში სხვადასხვა ბიზნესში საქმიანობდა. 2000-იანი წლებიდან, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გააქტიურდა ქართულ პოლიტიკაში. კენჭს იყრიდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც.