სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცირე წვიმას 19 აგვისტომდე არ ელოდებიან.
”მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა”, – ამბობს სვეტა ნიორაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის ბიუროს უფროსი. – ”თუმცა სერიოზულ წვიმას 23 აგვისტომდე არ ველოდებით”.
ამჟამად მთელ ევროპაში, მათ შორის, კავკასიაზე, დამყარებულია ანტიციკლონი, რომელიც არის მაღალი წნევის არე, სადაც წვიმა მოსალოდნელი არ არის. ანტიციკლონში ყოველთვის მაღალი ტემპერატურაა, რის შედეგად საწვიმარი ღრუბლები არ წარმოიშობა.
ციკლონები ატლანტიკის ოკეანიდან კავკასიისკენ მოძრაობენ და თან მოაქვთ ჰაერის გრილი და ნოტიო მასები. ანტიციკლონი ნოტიო ჰაერის ბლოკირებას ახდენს და ხელს უშლის მათ შემოსვლასა და გავრცელებას საქართველოში.
თუმცა, სვეტა ნიორაძე ამბობს, რომ ტემპერატურასთან მიმართებაში ანომალური არაფერია: ” აღმოსავლეთ საქართველოში მანამდე უფრო მაღალი ტემპერატურაც შეინიშნებოდა”.
წინასწარი მონაცემებით, სწორედ მაღალი ტემპერატურაა ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის ტყეში ხანძრის მიზეზი. ამჟამად ოფიციალური მონაცემებით, აწყურში ცეცხლის ლოკალიზებას მაღალი ტემპერატურა და უნალექობა უშლის ხელს.
ახალციხეში 2000 წლის აგვისტოში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 40,5 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა დააფიქსირა, 1999 წელს კი – 40 გრადუსი.
წლევანდელი ივლისისა და აგვისტოს თვიური საშუალო ტემპერატურა 20,5 გრადუსი ცელსიუსია. გუშინ კი 32 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა დაფიქსირდა.
”კი, ცხელი ზაფხულია, მაგრამ არც რეკორდი დამყარებულა და ანომალურად ცხელი ზაფხული არ შეინიშნება”, – აღნიშნავს ნიორაძე.
რაც შეეხება ნალექებს, მათი მოსვლის მაჩვენებელი თვიურ ნორმებს ჩამოუვარდება, რისი მიზეზიც ანტიციკლონია.
მცირე ნალექები მოვიდა ბორჯომსა და ახალციხეში ივლისის თვეშიც. ბორჯომში ივლისის თვიური საშუალო ნალექის რაოდენობა იყო 51 მილიმეტრი, მოვიდა მხოლოდ 9 მილიმეტრი, რაც სვეტა ნიორაძის თქმით, ”ძალიან ცოტაა.”
ახალციხეში ნალექების თვიური ნორმა აგვისტოში 44 მილიმეტრია. ივლისის ნორმა კი 48 მილიმეტრი იყო, მაგრამ 31 მილიმეტრით ნაკლები ნალექი მოვიდა.
სინოპტიკოსები ნალექების მოსვლას კიდევ ათი დღე არ ელოდებიან.