ახალი ამბები

კობახიძის თქმით, პრეზიდენტობის გეგმა არ აქვს

6 ოქტომბერი, 2023 • 1106
კობახიძის თქმით, პრეზიდენტობის გეგმა არ აქვს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტობას არ აპირებს.

„ჯერ ერთი, მე ასეთი გეგმები არ მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი არის არსებითად დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებიდან. პრეზიდენტი არ არის კონსტიტუციის თანახმად პოლიტიკურ პროცესებში ჩართული“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა იყოს თუ არა მომავალი პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე პასუხობს, რომ „ასეთი სპეკულაციები ნაადრევია“.

ამასთან, კობახიძის თქმით, თუ ორ კვირაში პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდება, მაშინ ახალ პრეზიდენტს მოქმედი პარლამენტის პირობებში 300-კაციანი კოლეგია აირჩევს.


გუშინ, 5 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა განხილვა, სადაც მსჯელობდნენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც უცხოეთში ვიზიტებით გაემგზავრა მთავრობასთან შეუთანხმებლად. დასკვნას სასამართლო კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში წარუდგენს პარლამენტს. წარდგინების ბოლო ვადა 14 ოქტომბერია.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლომ რომც დაადგინოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი