დღეს, 3 ოქტომბერს, სომხეთის პარლამენტმა საერთაშორისო სისხლის სამართლის, იგივე ჰააგის სასამართლოს დამფუძნებელი რომის სტატუტის რატიფიკაციას დაუჭირა მხარი. ამგვარად, ერევანმა აღიარა სასამართლოს იურისდიქცია და სომხეთში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩასვლის შემთხვევაში, მისი დაკავება მოუწევს. მოსკოვი სომხეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
პარლამენტში სტატუსის რატიფიკაცაციას მხარი დაუჭირა 60-მა დეპუტატმა, 22 წინააღმდეგი. საბოლოო რატიფიკაციისთვის დარჩენილია პრეზიდენტის ხელმოწერა.
სომხეთის ხელისუფლების თანახმად, რატიფიკაცია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებისთვის არის საჭირო.
„ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი იყო და ახლაც სჩადიან სამხედრო დანაშაულებს. ჩვენ [რატიფიკაცია] გვჭირდება, ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – აცხადებდა პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი.
მოსკოვში „არაკორექტულად“ მიაჩნიათ პარლამენტის გადაწყვეტილება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მომხდარი უარყოფითად იმოქმედებს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. მან დაამატა, რომ რუსეთს დამატებითი კითხვები გაუჩნდება სომხეთის ხელისუფლების მიმართ.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, მოუწევს თუ არა პუტინს სომხეთში ვიზიტებზე უარის თქმა, პესკოვმა უპასუხა, რომ კრემლში არ სურთ, პუტინს რამე მიზეზით ვიზიტებზე უარის თქმა მოუწიოს.
ჰააგის სასამართლომ 2023 წლის მარტში გასცა ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე. მას ადანაშაულებენ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში. ქვეყნები, რომლებსაც რატიფიცირებული აქვთ რომის სტატუტი, ვალდებულნი არიან, პუტინი დააკავონ, თუ იგი მათ იურისდიქციაში აღმოჩნდება.
