ახალი ამბები

სააკაშვილის მდგომარეობა ფატალურთან მიახლოებული რომ იყოს, კონსილიუმი ისაუბრებდა – იოსელიანი

2 ოქტომბერი, 2023 • 1675
სააკაშვილის მდგომარეობა  ფატალურთან მიახლოებული რომ იყოს,  კონსილიუმი ისაუბრებდა – იოსელიანი

სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფატალურთან მიახლოებული რომ იყოს, ამაზე ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმი ისაუბრებდა.

ამის შესახებ მან დღეს, 2 ოქტომბერს, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ლევან იოსელიანს ენმ-ის წევრმა ანი წითლიძემ სთხოვა, პოზიცია დაეფიქსირებინა სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. როგორც წითლიძემ თქვა, „ბოლო კონსილიუმში პირდაპირ ეწერა, რომ თუ ასე გაგრძელდა[სააკაშვილის მდგომარეობა],შეიძლება ფატალური შედეგი შეიძლება დადგეს“.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და ჯანმრთელობას მონიტორინგს უწევს სახალხო დამცველთან არსებული ექიმებისგან დაკომპლექტებული კონსილიუმი, რომელიც წინა სახალხო დამცველის მიერ შეიქმნა. აგვისტოში ბოლო ვიზიტი განახორციელა კონსილიუმმა, დასკვნაში არაფერია ნათქვამი სააკაშვილის მდგომარეობის ფატალურთან მიახლოების შესახებ, რადგან თქვენ ეს სიტყვა იხმარეთ. ასეთი რამე რომ იყოს, კონსილიუმი ისაუბრებდა.

აგვისტოს შემდეგ რამდენჯერმე მოინახულეს ბატონი მიხეილი ჩემმა მოადგილეებმა. ჩვენ მასთან გვაქვს კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, როდის მივიდეს კონსილიუმი, როდის მოინახულოს. ამ თვალსაზრისით სახალხო დამცველის აპარატსა და მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს შორის და თვითონ მას შორის ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ არსებობს. როდესაც ის საჭიროდ თვლის მის მონახულებას, ჩვენი წარმომადგენლები მიდიან და, შესაბამისად, შედის კონსილიუმი.

პარალელურად, ჩვენ პერიოდულად ვითხოვთ ყველა დოკუმენტაციას, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ამ დოკუმენტაციას ვიღებთ „ვივამედიდან“ და შემდეგ ვუგზავნით კონსილიუმს შეფასებისთვის. ეს პროცესიც მიმდინარეობს უწყვეტად და ვაცნობთ საზოგადოებას შედეგებს, რომლებსაც კონსილიუმი პერიოდულად აქვეყნებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი