ახალი ამბები

კლასელების მხრიდან მოზარდის შესაძლო იძულებაზე გამოძიება დაიწყო

30 სექტემბერი, 2023 • 2559
კლასელების მხრიდან მოზარდის შესაძლო იძულებაზე გამოძიება დაიწყო

იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში კლასელების მხრიდან მოზარდზე შესაძლო იძულებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილზე, სადაც მოზარდს თვითდაზიანებების მიყენებას აიძულებენ და ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოიქცევა. „ნეტგაზეთი“ წერილს შეგნებულად არ ასაჯაროებს.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფსიქოლოგი მაია ცირამუა. ცირამუა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დახმარება არამხოლოდ წერილის ადრესატს, არამედ მის ავტორსაც სჭირდება:

„ მესმის, შემზარავია, რასაც წერს, გვაბრაზებს და გვაშინებს მისი სისასტიკე, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაშია ეს ბავშვი, ასეთი რამ რომ მოაფიქრდა (სავარაუდოდ თავადაც გამოუცდია ის, რასაც თანაკლასელს სთავაზობს – თვითდაზიანებას ვგულისხმობ), მერე წერილი დაწერა და კიდევ უფრო მძიმე მუქარა მოაყოლა.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაირკვეს – რატომაა ეს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში და მერე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ გადარჩეს. ცხადია, სერიოზული დახმარება სჭირდება მისი აგრესიის სამიზნეს, იმ ბავშვს, რომელიც ალბათ დიდი ხანია მარტოა ამ პრობლემის პირისპირ“ — ამბობს ფსიქოლოგი.

მომხდართან დაკავშირებით, მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს განათლების სამინისტრომაც. უწყების განცხადებით, ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან:

„აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს. როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოძიება დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში,“ — აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი