ახალი ამბები

არ გამოვრიცხავ, სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა – შესაძლოა, მელიამ ენმ დატოვოს

26 სექტემბერი, 2023 • 4323
არ გამოვრიცხავ, სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა – შესაძლოა, მელიამ  ენმ დატოვოს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარმე ნიკა მელიამ შესაძლოა პარტია დატოვოს. ამის შესახებ მან „მთავარ არხზე“ დღეს, 26 სექტემბერს ისაუბრა.

მელიას თქით, ენმ-ში ყოფნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

„ყველამ ვიცით, რომ ჩვენთან პარტიაში მძიმე რეალობაა. გამოსავალს ერთობაში ვხედავ, მაგრამ ეს ერთობა არ შეიძლება აღქმული იყოს მხოლოდ ერთ საარჩევნო სიაში, ან ერთ პარტიულ სტრუქტურაში, ან მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთად ყოფნაში. საერთო სტრატეგიული მიზნის გარშემო ერთობა ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის ყველაფერც გავაკეთებ მეც და ყველა ადამიანი.

[ენმ-ის] შიგნით ფუნდამენტური განსხვავებებია დამოკიდებულებებში და ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის დრამატული სხვაობა, რამაც გამოიწვია ღრმა ჭრილობა, რომელიც შეიძლება მოუშუშებელი აღმოჩნდეს. ძალიან დიდი განსხვავებებია მომავალი სახელმწიფოს მოწყობაზე, პარტია როგორ უნდა იმართებოდეს და ა.შ.

თუ დავრწმუნდით, რომ ერთი პარტიული ნომრის ქვეშ ბრძოლა არის შეუძლებელი, მე ვფიქრობ, ძალას ვიპოვით ჩვენს თავში, რომ სხვადასხვა პლატფორმით სხვა ადამიანებთან ერთად ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის ამ ოლიგარქიულ ხელისუფლებას. ამ წუთას მე მიჭირს ამის თამამად თქმა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ მთელი რიგი საკითხების გარშემო. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები არაფერ შუაში არაა და მას შემდეგ რაც მოხდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც მელია ამბობს, ის არ აპირებს, რომ გამუდმებით ილაპარაკოს ენმ-ში ვანო მერაბიშვილსა და დათო კეზერაშვილის გავლენებზე. მისი თქმით, როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, სჯობს, რომ დაშორდეს.

„უამრავ ადამიანთან გვაქვს კონსულტაციები, შეხვედრები გვაქვს. 7 ოქტომბერს თბილისში ვიკრიბებით თანამოაზრეები მთელი საქართველოდან და უბრალოდ ვიმსჯელებთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ იმ დღეს ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. ორი ბირთვი დღეს არის დაშორებული. მე არ ვაპირებ, რომ გამუდმებით ვილაპარაკო ვანო მერაბიშვილსა და დათო კეზერაშვილზე, საკმარისად ვილაპარაკეთ ერთმანეთზე.

როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, შესაძლოა, განშორება სჯობდეს. შეუძლებელია ოჯახში იყო და გამუდმებით ჩხუბობდე. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასწყვეტი და არც 20 და 30 ადამიანის. ვთანხმდებით, რომ ერთ ორბიტაზე საერთო მიზნის გარშემო აუცილებლად ვიქნებით. თუ რამე იოტისოდენა შანსი არის, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამის კაპიტალიზირება მოხერხდეს. ამიტომაც არ ვჩქარობდი მთელი 8 თვე. თუმცა ვატყობ, რომ [პარტიაში] კრიზისი არათუ ნელდება, არამედ ღრმავდება“, – აცხადებს მელია.

თუმცა მელიას თქმით, თუ ის პარტიიდან წავა და ბრძოლას ახალი პლატფორმიდან გააგრძელებს, არ ნიშნავს, რომ ენმ-სთან საერთო სტრატეგიული მიზნის გარშემო არ ითანამშრომლებს.

„არჩევნებში როცა შედიხარ, შენ გჭირდება მოტივირებული ხალხი გუნდში, არ შეიძლება, რომ უნდობლობა გქონდეს ერთმანეთის მიმართ. როცა ორთაბრძოლაში ხარ, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ არ ველოდო ზურგიდან დანას და არც ის ელოდოს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ღირსეულად დავშორდეთ. თუ სადმე ჩვენი გზები მომავალში გადაიკვეთება და ალბათ, გადაიკვეთება საგნობრივად მაინც, კი ბატონო. თუ არადა, უახლოეს პერიოდში კონსენსუსის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განადაცხადა ნიკა მელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი