ახალი ამბები

ომბუდსმენის რწმუნებული დაკავებულ ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძესა და ზვიად კუპრავას შეხვდა

23 სექტემბერი, 2023 • 1450
ომბუდსმენის რწმუნებული დაკავებულ ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძესა და ზვიად კუპრავას შეხვდა

ომბუდსმენ ლევან იოსელიანის რწმუნებული შეხვდა გუშინ, გლდანში დაკავებულ ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძესა და ზვიად კუპრავას.

როგორც ომბუდსმენი აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, მელიამ ისაუბრა „პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე“.

„სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე, სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულებს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების დარღვევას – წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.


გუშინ, 22 სექტემბერს, გლდანში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ასევე ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს.

ისინი იმყოფებოდნენ გლდანში, ადგილზე, სადაც, მათი თქმით, მანამდე თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს.

მოგვიანებით 3 ადამიანის დაკავების ფაქტი შსს-მ ნეტგაზეთს დაუდასტურა.

“[ეძგვერაძეზე თავდასხმის] ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ პოლიციას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა სამი პირი”, — უთხრეს ნეტგაზეთს შსს-ში.

რაც შეეხება ეძგვერაძეზე თავდასხმას, უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი