საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება გლდანში ენმ-ის წევრზე ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ამას 2003 წელს, მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებს ადარებს. ამის შესახებ განცხადება მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა:
“რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართ ხდება, არის ზუსტი კალკი იმისა, რასაც ასლან აბაშიძე აჭარაში და შევარდნაძის დავალებით ლევან მამალაძე ქვემო ქართლში აკეთებდა.
კარგად მახსოვს 2003 წელს, რა ისტერიკაში იყო ჩავარდნილი მაშინდელი ხელისუფლება. ისიც მახსოვს, ბათუმში დღე არ გაივლიდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს თავს არ დასხმოდნენ.
ვისი შეშინება უნდა ივანიშვილს? ქართველი ხალხი მშიშარა არ არის, დროა ყველა ძლიერად დავდგეთ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა არავის შერჩება.
ესენი აღარ არიან პოლიტიკოსები, არამედ კრიმინალური ბანდაა, რომელიც დღეებს ითვლის და ცდილობს თავის გადარჩენას.საქართველო ეკუთვნის ყველა მის მოქალაქეს და არა ერთ მუჭა ორგანიზებულ კრიმინალებსა და “ეფესბეს” აგენტებს, რომელთაც უზარმაზარი ქონება მიითვისეს.
რაც უფრო მეტი და კოორდინირებული ვიქნებით, ნაკლებად შეძლებენ ძალადობრივი, “ეფესბეს” გეგმის თავზე მოხვევას.ახლა საჭიროა სიფხიზლე და მობილიზაცია, ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ, მოგიწოდებთ ჩვენი რიგების გაძლიერებისკენ!
მე აღტაცებული ვარ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების გამბედაობით და ზუსტად ასეთია ენმ-ის ტრადიცია”, — აცხადებს სააკაშვილი.
დღეს, 22 სექტემბერს ენმ-ის წევრს, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს დაესხნენ თავს. გავრცელებული ინფორმაციით, მას და მის თანმხლებ პირებს ათობით ადამიანი გაუსწორდა ფიზიკურად.
ეძგვერაძე აცხადებს, რომ მასზე თავდასხმის ორგანიზატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე იყო. ამის თაობაზე მან TV პირველთან ისაუბრა.
თავად კონსტანტინე ზარნაძე აღნიშნულს არ ადასტურებს და როგორც ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში ამბობს, ეძგვერაძეზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია სწორედ ჟურნალისტისგან შეიტყო.
მანამდე, დღეს, საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებამდე ეძგვერაძემ ზარნაძეს არარაობა უწოდა, ზარნაძემ კი მას დროშები ესროლა.
ეძგვერაძეზე თავდასხმის ადგილას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მივიდნენ. სამი მათგანი: ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე პოლიციამ დააკავა.






