ახალი ამბები

ყირიმში რუსული შავი ზღვის ფლოტის შტაბი დაიბომბა

22 სექტემბერი, 2023 • 1786
ყირიმში რუსული შავი ზღვის ფლოტის შტაბი დაიბომბა

ოკუპირებულ ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით, შენობა მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ხუთი რაკეტის ჩამოგდება მოახერხა. სევასტოპოლის საოკუპაციო მერის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, რაკეტის ნამსხვრევები სხვადასხვა წერტილში დაეცა. იგი აგრეთვე ამბობდა, რომ შესაძლებელი იყო მორიგი თავდასხმა და მოუწოდებდა მოქალაქეებს, არ გასულიყვნენ ქალაქის ცენტრში.

რაც შეეხება შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობას, „მედუზას“ ცნობით, სარაკეტო დარტყმის შემდეგ შენობაში ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული კადრების მიხედვით კი, ძლიერაა დაზიანებული შენობის სახურავისა და ზემო სართულების ნაწილი.

მომხდარს გამოეხმაურნენ უკრაინაშიც. უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაწერა: „ხომ გპირდებოდით, რომ გაგრძელება იქნეოდა. სანამ ოკუპანტები მელიტოპოლში ცდილობენ ძალების აღდგენას, სევასტოპოლში კვლავაც ისმის საჰაერო განგაშის ხმა. ყველა რაკეტა ჩამოგდებულიაო! იმედი მაქვს, რუსული საჰაერო თავდაცვა არც შემდეგში გაგვიცრუებს იმედებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი