ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა ბახმუტისა და კიდევ ორი ქალაქის დეოკუპაციას აპირებს, იტყობინება „სი-ენ-ენი“.

კონკრეტულად რომელ ქალაქებზეა საუბარი, ზელენსკიმ არ დააკონკრეტა. „არ გეტყვით, კონკრეტულად რომელ ქალაქებს, ბოდიში. გეგმა გვაქვს. ძალიან, ძალიან კომპლექსური გეგმა“, – აღნიშნა მან.

როგორც „უკრაინსკა პრავდა“ წერს, ზელენსკის განცხადებას წინ უძღოდა სხვა უკრაინელი ოფიციალური პირების მიერ მოწოდებული ცნობები ბახმუტის მიმართულების შესახებ – 18 სექტემბერს ქვეითი ჯარის სარდალმა ალექსანდრე სირსკიმ თქვა, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე გაანადგურეს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული ნაწილები. უკრაინის აღმოსავლეთის საჯარისო ჯგუფის პრესსამსახურში კი აღნიშნეს, რომ გზა ბახმუტი-ჰორლოვკა უკრაინელების ცეცხლის ქვეშ ექცევა, რის გამოც რუსული ძალების მომარაგება დიდად გართულებულია.