ახალი ამბები

გარდაიცვალა ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, რომელსაც 40 დღის წინ სცემეს — რექტორი

21 სექტემბერი, 2023 • 7583
გარდაიცვალა ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, რომელსაც 40 დღის წინ სცემეს — რექტორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, რომელსაც, ამავე უნივერსიტეტის რექტორის თანახმად, 40 დღის წინ სცემეს, 20 სექტემბერს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი პირი ჰყავს საქმეზე დაკავებული.

საუბარია 65 წლის ოთარ გელაშვილზე, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის პროფესორი იყო, 2017 წლიდან კი — სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის პოზიციას იკავებდა.

პროფესორის გარდაცვალებაზე ინფორმაცია “მთავარმა არხმა” გაავრცელა. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ, ტელეკომპანიას უთხრა, რომ გელაშვილს 40 დღის წინ სცემეს.

“ბატონი ოთარ გელაშვილი 40 დღის წინ, 1 დღით იყო მიუწვდომელი — საღამოს შვიდი საათიდან დილამდე . შემდგომში ის იპოვეს რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონში. იყო ძალიან მძიმე მოტეხილობებით, გაუკეთდა ოპერაცია რუსთავში, შემდეგ კი გადმოიყვანეს საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ბატონი ოთარ გელაშვილი გარდაიცვალა გუშინ დილას… ის გარდაიცვალა ცემის შედეგად მიყენებული [დაზიანებებით]”, — დასძენს გურგენიძე.

რექტორის სიტყვებით, ეს არ უკავშირდებოდა მის აკადემიურ ან სამეცნიერო საქმიანობას და “მთავარი ვერსია”, რომელზეც გამოძიება მუშაობს, არის მომხდარის შესაძლო კავშირი ბიზნესთან.

“მოგეხსენებათ, მეცნიერს აქვს უფლება, ჰქონდეს პირადი ბიზნესი და შესაძლოა, ერთ ბიზნესს უკავშირდება, რომელსაც გამოძიება დაადგენს… მთავარი ვერსია არის ეს”, — დასძინა მან.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და ერთი პირია დაკავებული. კიდევ ერთ პირს ეძებენ.

უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, ის საზღვარგარეთ მიიმალა, თუმცა შსს-ში დამატებით დეტალებზე, ამ ეტაპზე, არ საუბრობენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. რექტორის თქმით, უნივერსიტეტი ოჯახთან ერთად აკვირდება გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი