ალექსანდრე სვატიკოვმა, რომელიც საქართველოში გამოცემული ჟურნალის „რუსკი კლუბის“ მთავარი რედაქტორია, დღევანდელ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას გიორგი სმირნოვის ანდერძი გააცნო, რომლის მიხედვით, შენობა, სადაც ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური სახლია“ განთავსებული, სახელმწიფოს საკუთრებაა.
საქართველოს პრეზიდენტის 14 ივლისის ბრძანებულების თანახმად, სმირნოვების სახლი საჯარო სამართლის იურიდიული პირი -„სმირნოვების მუზეუმი“ ხდება, რომელსაც დღეს შენობაში რამდენიმე ოთახი უკავია და რომელიც წელიწადზე მეტია დალუქულია.
ალექსანდრე სვატიკოვი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სმირნოვების სახლს დაუბრუნდება მუზეუმის სტატუსი, ,,კავკასიურ სახლთან” მოლაპარაკება გაიმართება. რის შემდეგაც, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გადაწყდება, დარჩება თუ არა ,,კავკასიური სახლი” გ. ტაბიძის 20 ნომერში.
„კავკასიურმა სახლმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია გაზეთმა „24 საათში “ 2008 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებულ წერილზე. საქართველოს პრეზიდენტისადმი რუსი ინტელიგენციის წარმომადგენელთა წერილში ეწერა, რომ „სმირნოვების მუზეუმი“ განადგურების პირასაა, „კავკასიური სახლი“ კი მუზეუმის ტერიტორიაზეა შეჭრილი.
”გაირკვა, რომ ალექსანდრე სვატიკოვი, რომელიც ყოველთვის ებრძოდა „კავკასიურ სახლს“, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობს” – წერია „კავკასიური სახლის“ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.
„კავკასიური სახლი“, შენობის შენარჩუნების მიზნით, საპროტესტო აქციას ხვალ გამართავს.
ამავე თემაზე:





